“ადამიანის უფლებებთან მიმართებით წინა ხელისუფლებიდან იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება”

“ადამიანის უფლებებთან მიმართებით წინა ხელისუფლებიდან იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2011 წელს დავოსის ფორუმზე გამოქვეყნდა კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური მოხსენება, სადაც კერძო საკუთრების დაცვის უფლების თვალსაზრისით საქართველო 140 ქვეყნიდან 134-ე ადგილზე იყო.

„ეს კატასტროფული მაჩვენებელი იყო. ჩვენ ვიცით, როგორ იბარებდნენ ხალხს, როგორ ართმევდნენ ქონებას, როგორც ექცეოდნენ ბიზნესმენებს, კერძო მესაკუთრეებს, მაგრამ ასეთი სამარცხვინო ინდექსი ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო. არსებობს, ასევე, გაერო-ს მოწყვლადობის მოხსენება საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ოჯახების 54%-ში ერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი მაინც იყო და მათგან 90%-მდე ვერ მიდიოდა ექიმთან იმიტომ, რომ გადახდის საშუალება არ ჰქონდა და ეს ადამიანები უბრალოდ იღუპებოდნენ”, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულებები, დამოკიდებულება ადამიანისა და საზოგადოების მიმართ, მადლობა ღმერთს, წარსულს ჩაბარდა და იმედია, რომ საზოგადოება და ის უამრავი ადამიანი, რომელმაც ეს კატასტროფა გაიარა, რეალურად შეაფასებს მდგომარეობას.

მისივე თქმით, პროკურატურაში 54 ათასი განაცხადია შეტანილი უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით და ამ საკითხების მოგვარებას სისტემური მიდგომა სჭირდება.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები