გია ჟორჟოლიანი საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნოდ ფასიანი რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
დეპუტატი, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნოდ ფასიანი რეკლამა აიკრძალოს.
მისივე თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა არჩევნებში ხმა შეხედულებების მიხედვით უნდა მისცენ პარტიებს, ამიტომ არჩევნებში მონაწილე პარტიები ფინანსური რესურსის არქონის გამო არ უნდა დაიჩაგრონ.
“არის ორი ინიციატივა, რომელთაგან ერთი უფრო ადრე შევიტანეთ და ეხება უფასო რეკლამების განაწილების წესს, ანუ საეთერო დროის განაწილების წესსა და საეთერო დროის გამოყოფას საარჩევნო პერიოდში არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის, საარჩევნო სუბიექტებისთვის. დღეს არსებული რეგულაციით, უფასო საეთერო დრო გაიცემა მხოლოდ ე.წ. კვალიფიციურ პარტიებზე და ფასიანი სარეკლამო დრო კი – ყველაზე. ანუ პირველი ინიციატივა, რომელიც ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ და პანდემიის დროს ვერ იქნა განხილული, ვერ მივიდა პლენარულ სხდომამდე, თორემ კომიტეტში განხილვა დაწყებულია, გულისხმობს იმას, რომ უფასო საეთერო დრო მიეცეს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. აქ საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ თუ 0%-მდე ბარიერი დაგვყავს იმ მიზეზის გამო, რომ ყველას მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ამ ეთერს თუ არ მივცემთ, მაშინ ეს უფლება იქნება ისე, რომ რეალიზება ვერ მოხდება. ცოტ-ცოტა განაწილდეს,ან შეიძლება ნაწილი გამოიყოს იმათზე, ვინც არ არის კვალიფიციური და ა.შ. რაც შეეხება ფასიან სარეკლამო დროს, ეს საკითხი დაკავშირებულია ამ საკითხთანაც, მაგრამ ეს პირდაპირ უკავშირდება ფინანსების როლს ჩვენს არჩევნებში, რომელიც არის ძალიან მაღალი და რაც არ უნდა იყოს. ადამიანებმა ხმა უნდა უნდა მისცენ შეხედულების მიხედვით”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.