“მოხარული ვარ, რომ AE SOLAR – მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია აშშ-ში გაგზავნა”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს პირადად გაეცნო.
„ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს – მის გეგმებში დიდი კორექტირება არ მომხდარა. ქარხანა, პრაქტიკულად, საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს”, – აღნიშნა ნათია თირნავამ.
​ამასთან, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა.
„საწარმო პროდუქციას აწვდის ევროპის, რეგიონის ქვეყნებს და ახლა უკვე აშშ-საც. განსაკუთრებით დასაფასებელია და ჩვენც ყველანაირად ვეხმარებით, რომ მიუხედავად პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, მათ თავიანთი გეგმები არ შეცვალონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოებას გეგმავენ – ეს 2021 წელს  ჩვენი ეკონომიკური აღმასვლის ერთ-ერთი კომპონენტია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისათვის, გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები