ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმის საქმეზე გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს – ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება გრძელდება

ბუნდესტაგზე 2015 წელს განხორციელებული კიბერთავდასხმების საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი, სერგეი ნაჩაევი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ გერმანიის სტატს-მდივანმა, მიგელ ბერგერმა ელჩთან შეხვედრაზე ფედერალური მთავრობის სახელით, კიბერთავდასხმები მკაცრად დაგმო.

ელჩს განუმარტეს, რომ 5 მაისს რუსეთის მოქალაქის დემიტრი ბადინზე გამოწერილი დაკავების ორდერთან დაკავშირებით ფედერალური მთავრობა ბრიუსელში კიბერთავდასხმებისთვის სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა, მათ შორის, ბადინის მიმართაც.

ბადინის დაკავების ორდერი ეჭვის საფუძველზე გაიცა, რომ ის დაუდგენელ პირებთან ერთად გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბადინი არის პასუხისმგებელი 2015 წლის აპრილ-მაისში ბუნდესტაგზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე და რომ თავდასხმის დროს ის გრუ-ს შემადგენლობაში შედიოდა.

DW აღნიშნავს, რომ ფედერალური მთავრობა აღნიშნულ ინციდენტს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებას უკავშირებს.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები