რუსლან აბაშიძემ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი – ანტონ კორინევიჩი, პირველი მოადგილე დარია სვირიდოვა და მოადგილე – თამილა ტაშევა მონაწილეობდნენ.
მათივე ცნობით, კონფერენციის დაწყებისას მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს.
“რუსლან აბაშიძემ და ჯემალ გამახარიამ უკრაინულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. საუბარი შეეხო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, იძულებით პასპორტიზაციას, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვას, ქონების საკუთრებაში ფლობის უფლების ჩამორთმევას, ჯანდაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებას, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მილიტარიზაციისა და ბორდერიზაციის პროცესებს. თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებული ვითარების შესახებ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის მსგავსებებზე. შეხვედრის ბოლოს ქართულმა და უკრაინულმა მხარემ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ვიდეოკონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.