“ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?! საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგო რატიანს დასმული კითხვის პასუხად, რომელიც დეპუტატმა მთავრობის მეთაურს საკანონმდებლო ორგანოში დაუსვა: „საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანებს ჯიბიდან ართმევს და ეს თანხა სახელმწიფომ ბიზნესსა და მოქალაქეებს უნდა დაუტოვოს“, – მიმართა რატიანმა გახარიას.
პრემიერმა რატიანის შეთავაზებას “ჰაერში გასროლილი დაპირება” უწოდა.
„ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ?! დღეს საქართველო საგადასახადო დატვირთვით არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა. საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემდგომ შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს. კრიზისის პერიოდში ბიუჯეტის ხარჯები იზრდება. ყველა ის ღონისძება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბიზნესის მიზნობრივი , კონკრეტული დახმარებისა, არის მიმართული იქეთკენ, რომ ბიზნესს ლიკვიდობა დავუმატოთ. ეს ყველაფერი, რასაც თქვენ გვთავაზობთ არის, უბრალოდ, დემაგოგია, ჰაერში გასროლილი დაპირება, რომელსაც შეუძლია, გაუთვიცნობიერებელი მოსახლეობის ნაწილში რაღაც გამოიწვიოს, მაგრამ მაგაზეც არ იღელვოთ, ჩვენ მივალთ და ამ მოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით და მერწმუნეთ, როგორმე ჩვენსას უფრო დაიჯერებენ. დღეს საქართველოში პენსიონერების რაოდენობა იზრდება, რაც პირდაპირ არის სოციალური ვალდებულებები, ჯანდაცვის სისტემას, განათლების სისტემას რეფორმირება სჭირდება და კიდევ ბევრი რამ, ამიტომ ცოტა უფრო გააზრებული რეკომენდაციებია საჭირო“, – განაცხადა გახარიამ.