თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რისკები მოიმატებს, წინასწარ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს
“როდესაც შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება, ორი ძირითადი მომენტი არის ძალიან სარისკო – ეს არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტურიზმის ამუშავება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი მოსახლეობის თვითშეგნებასა და რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებობს რისკი, რომ ის ძალიან კარგი მდგომარეობა, რომელსაც საქართველომ მიაღწია პანდემიის ამ ეტაპზე და რაც გამოიხატება იმაში, რომ ბოლო ერთ კვირაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი არ აცდენია ერთნიშნა რიცხვს და ბოლო დღეებში საერთოდ არის 1-დან 3-მდე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როდესაც შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება, ორი ძირითადი მომენტი არის ძალიან სარისკო: ეს არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და ტურიზმის ამუშავება. რა თქმა უნდა, რისკები მოიმატებს, წინასწარ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ჩვენი მოსახლეობა, როგორი თვითშეგნება ექნება, როგორ დაიცავს ის იმ წესებს, რომლიც უკვე გამოვიმუშავეთ ამ 3 თვის მანძილზე, ის ტურისტიც რომ შემოვა, მისგანაც საჭიროა დისტანცირება და ა.შ. როდესაც გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არ გაიხსნება სრული დატვირთვით და მოხდება იქ შერჩეულ ადგილებზე მგზავრების დასხდომა. თუ ჩვეულებრივ ავტობუსში ჩვეულებრივ დროს მგზავრობდა 50-60 ადამიანი, ახლა იმგზავრებს ამის მესამედი, ასევე, იქნება მეტროსადგურებში. ახლა ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოცდის წინაშე, ჩვენმა სახელისუფლებო ვერტიკალმა და ექიმებმა, როგორმე უნდა მოახერხონ, მოიფიქრონ და დააწესონ ის რეგულაციები, რაც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს დაიყვანს მინიმუმამდე, ნულამდე ვერ დაიყვანს“, – განაცხადა ცერცვაძემ.