გიგა ბოკერია: რუსეთის საგარეოს განცხადება ისეთი აბსურდული პროპაგანდაა, რომ მხოლოდ დაცინვას იმსახურებს
“ისეთი აბსურდული პროპაგანდაა, რომ მხოლოდ დაცინვას იმსახურებს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.
ბოკერიას თქმით, საქართველო მათი ტრადიციული სამიზნეა.
„ეს კლასიკური საქციელია პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული მთავრობებისთვის, თავისი პრობლემების სხვაგან მოძებნა და სხვებისთვის დაბრალება. საქართველო, ამ შემთხვევაში, არის მათი ტრადიციული სამიზნე. სერიოზულად არც კი უნდა მივიღოთ ეს განცხადება. ეს არის მათი ჩვეულებრივი სამარცხვინო პროპაგანდა, მეტი არაფერი. რა ლუგარის ლაბორატორია, ეს არის სასაცილო. საბედნიეროდ, ამ ცუდ ამბავს, რასაც პანდემია ჰქვია, ერთი დადებითი შედეგი ის ჰქონდა, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით ის ძალები, რომლებიც პუტინის პროპაგანდის დაკვეთით ან თავისი სიბრიყვით ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდნენ, ახლა ეს დროშები ბოლომდე დაეხათ იმიტომ, რომ ეს უკვე ყველანაირ აბსურდს გასცდა. ლუგარის ლაბორატორია იყო ის, რომელიც დაეხმარა საქართველოს“, – განმარტა ბოკერიამ.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, „ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.