სალომე ზურაბიშვილი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება.
“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლითა და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს უდავოდ ჩვენი ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ. როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმმა – ერთი მხრივ, მთავრობამ, დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ – ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა და, რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული. სწორედ პროფესიონალიზმმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც. ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არცერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.