საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღინიშნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი. იაპონიაში, ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები; თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თესალონიკის მერიის შენობა ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებში.
“26 მაისის აღსანიშნად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – თეთრი ხიდი, ასევე კაუნასის „რატუშე“. საქართველოს დროით 17:10 საათზე ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო – ესტონეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოების შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.
ასევე, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მინსკის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის დიდ ეკრანზე მოხდება 26 მაისის სიმბოლიკის ჩვენება, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით კი, დუბლინის ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.
ასევე, ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყობა აშშ-ში, მექსიკაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ირლანდიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და საფრანგეთში.
კერძოდ, აშშ-ისა და მექსიკაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება შემეცნებითი ონალინკონფერენციები, აშშ-ში საქართველოს საელჩოს სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება მასალა ქართული კულინარიის შესახებ და საელჩოს შეფმზაეულის მასტერ-კლასი.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქ. კახში ყვავილებით შეამკობს 9 აპრილის მემორიალს, ხოლო უზბეკეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და საელჩოს წარმომადგენლები, ქ. ტაშკენტის ქრისტიანულ სასაფლაოზე პატივს მიაგებენ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის საფლავს.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალი მალგოჟატა გოშევსკა, სიმბოლურად, გვირგვინით შეამკობენ ვარშავის აჯანყების მუზეუმში, თავისუფლების პარკში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მემორიალს.
საფრანგეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ყვავილებით შეამკობენ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა საფლავებს ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოზე. ასევე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ინტერაქტიულ ვიდეოკონფერენციაში ლევილიდან თბილისის ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებისთვის.
ბულგარეთში საქართველოს საელჩო გამართავს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის ხელისუფლების, ასევე ქართული კულტურის მოღვაწეები.
ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გავრცელდება ვიდეორგოლი, სადაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი და დიპლომატიური კორპუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს. ვიდეომიმართვები გავრცელდება ასევე აზერბაიჯანში, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, ბრაზილიაში, ბელორუსში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, ვატიკანში, იაპონიაში, ირლანდიაში, ეგვიპტეში, ირანში, ისრაელში, კორეის რესპუბლიკაში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, უნგრეთსა და შვეიცარიის კონფედერაციაში.
ბელარუსში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართველი თანამედროვე/აქტუალური ხელოვნების ექსპოზიციის ნამუშევრების ონლაინგამოფენა მოეწყობა, ესპანეთში კი ონლაინგამოფენა-კონკურსი მცირეწლოვანთათვის.
ირლანდიაში საელჩოს სოციალური ქსელის მეშვეობით გაზიარდება საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციები.
ასევე, თურქეთში, საქართველოს საელჩო, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჰაერო ბურთებს გაუშვებს ცაში, რომლებზეც გამოსახული იქნება საქართველოს დროშა. სამხრეთ აფრიკაში კი ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის მიერ საელჩოს ორგანიზებით შესრულდება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ჰიმნები,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, 26 მაისს შვეიცარიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულისა და ბერნის მერის შეხვედრის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებთან ერთად აღინიშნება შვეიცარია-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების 102 წლის თარიღი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის სოციალური ქსელებზე გაზიარდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის – ხელოვნების სასახლის ვირტუალური კოლექციები და ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალირი ვერსია.
სლოვენიაში კი გაიმართება სლოვენიური დოკუმენტური ფილმის ტრეილერის – Call It Amber ონლაინპრემიერა, რომელიც ეძღვნება საქართველოს უძველეს ქართულ ტრადიციას – ღვინის ქვევრში დაყენებას.
საქართველოს დამოუკიდებლობას აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, არგენტინაში, ლატვიაში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, ნიდერლანდებში, უნგრეთში, თურქეთში, იორდანიაში, ინდონეზიაში, იაპონიაში და სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივ გამოცემებში გამოქვეყნდება საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ინტერვიუები და სტატიები 26 მაისთან დაკავშირებით.
„ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამოცემა „ევროაქტივში“ (Euroactive) დაიბეჭდება საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სტატია, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით გაავრცელებენ ფილმებს: „ექვთიმე ღვთისკაცი“; „საქართველო-ღვინის სამშობლო“ (დოკუმენტური ფილმი)“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ 26 მაისთან და ასევე დიასპორის დღესთან დაკავშირებით გავრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიმართვა დიასპორის წარმომადგენლებისადმი.