ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის აპრილამდე თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბარია „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 125​2 მუხლზე, რომელიც ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობას, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას გულიხსმობს.

კანონპროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ ყველა ის პირი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისა და შესაბამისი საურავისგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ, დღეის მდგომარეობით, ასეთი მიმდინარე საქმეები არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში.

შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისა და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც, ჯამურად, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები