მესტიის მერიამ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის აგროტექნიკა შეიძინა

მესტიის მუნიციპალიტეტში, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაობის ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივმა მერიამ აპრილში ბიუჯეტიდან 326 208 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (სახნავი ტრაქტორებისა და მისაბმებელების: 6 ტრაქტორი, 3 ფრეზი, 3 გუთანი, 6 კულტივატორი) შეისყიდა.

მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა, კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწები შეღავათიან ფასად დაამუშაოს.

„უკვე 6 წელია, მიწები არ იხვნება, რადგან მოსახლეობა გადასულია ტურიზმზე. ვირუსმა დაგვანახა ის, რომ მიწის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება. თითქოს და მოსახლეობაც ხელახლა გამოფხიზლდა და დაუბრუნდა სახნავ-სათეს მიწებს. მაგრამ აქ გაგვიჩნდა პრობლემა ის, რომ, ძირითადად, გამწევი ძალა, რითაც ადრე იხვნებოდა – ხარებით, უკვე გაყიდული ყავდათ. ამიტომ მესტიის მერიამ გადაწყვიტა, ხალხის მოთხოვნის საფუძველზე, შეგვესყიდა სახნავი ტექნიკა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მოთხოვნაც და მიწოდებაც ერთდროულად მოხდა“, – უთხრა „რეგიონულ კვირას“ მესტიის მერმა.

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ფარგლებში ადგილობრივებს, 1 ჰექტარის დახვნა 500 ლარი დაუჯდება, საიდანაც 200 ლარს სახელმწიფო დაუფინანსებს.
გარდა ამისა, დაბა მესტიაში 50 ჰექტრამდე მინდვრების შემოღობვა მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები