მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა და ერთადერთი გზავნილი იყო – ყველა ციხეში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი განიხილება, კომიტეტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იკითხა, თუ რატომ არ ესწრებიან სხდომას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე, დაინტერესდა, თუ რამდენად იღებენ ისინი პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის და პატივისა და ღირსების შემლახავ ფაქტებზე.
„სად არიან ახლა ის ადამიანები, რომლებმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და რომელიც იმ პერიოდში იყვნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და დღეს ამ დარბაზში არ არიან. სად არის ეს ხალხი? რატომ არ ესწრებიან? ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი – ეს ადამიანი დღეს, თქვენი ანგარიშის მოსმენისას, სარკეში ჩაიხედავდნენ და დაინახავდნენ იმას, რისი შემოქმედებიც თვითონ იყვნენ, იმ სიმახიჯეს, იმ ბოროტებას და დარღვევების მთელ იმ კასკადს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა” 9 წლის განმავლობაში ატრიალებდა ძალიან ჯოჯოხეთურ ამბებს ჩვენ ქვეყანაში. მე ძალიან კარგად ვიცი იმ პერიოდის ამბები და მერწმუნეთ, იმ დროს რომ ყოფილიყო ხელშემწყობი პირობები, იმიტომ, რომ ხარჯებთან იყო დაკავშირებული სტრასბურგში საქმეების გაგზავნა, ამას სჭირდებოდა მხარდაჭერა პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის და ხშირ შემთხვევებში არ იყო ეს სისტემები მოწესრიგებული, თორემ სტრასბურში გაცილებით მეტი საჩივრი იქნებოდა შესული. პრაქტიკულად ყველა ადამიანის უფლება ირღვეოდა, რომლებიც იმდროინდელ ციხეებში იხდიდნენ სასჯელს, რომელთა დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა და ფაქტობრივად, ყველანი ციხეში! ეს იყო ერთადერთი გზავნილი. სხვადასხვა რეგიონის პროკურორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სტატისტიკის გაუმჯობესებაში თუ რომელი უფრო მეტ ადამიანს დაიჭერდა. ციხეები კი, ვერანაირად ვერ იტევდა ამ ადამიანებს. იგივე შემიძლია ვთქვა ზუგდიდის ციხის მაგალითზე, რომელიც გათვლილი იყო 180 ადამიანზე და სადაც სასჯელს 500-ზე მეტი ადამიანი იხდიდა. თითოეული ამ ადამიანის პატივი და ღირსება იყო მძიმედ შელახული,”- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის, გაიღოს ყველა მსხვერპლი, ოღონდაც ხელისუფლება დაიბრუნოს და დააბრუნოს ის მეთოდები, რომლითაც ისინი მოქმედებდნენ.
“ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებები ციხის ბუნტთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო დასკვნაა, რომელიც ღიად ამბობს ამ მოვლენის შესახებ ყველა მანკიერებას, ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახავ მოქმედებას უსვავს ხაზს. ვინმემ მოისმინა თუნდაც ერთი შეფასება, ერთი პოლიტიკური განცხადება წინა ხელისუფლების მხრიდან? მე არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არცერთ თქვენგანს არ მოუსმენია მათგან პასუხი, რადგან მათ არ აინტერესებთ. მათ უნდათ გაემიჯნონ ამ პროცესებს და თავი ჩაიყენონ ისეთ მდგომარეობაში თითქოს ეს მათ არ ეხებათ. სინამდვილეში სწორედ მათ ეხებათ, ისინი იყვნენ პოლიტიკურ ხელისუფლებაში და კითხვა, რომელიც არის ერთის მხრივ რიტორიკული, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან ზუსტი მათ ამაზე უნდა გასცენ პასუხი – იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ადამიანის წამების, პატივისა და ღირსების შემლახავ მოქმედებებზე და თუ იღებენ, რაში გამოიხატება ეს?
ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებულია აწმყოზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მაგრამ წარსული არის ჩვენი თანმდევი ნაწილი. კარგი იქნებოდა ხშირად არ მივბრუნებოდით ამ წარსულს, მაგრამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც გვაიძულებს უკან გავიხედოთ, კარგად შევაფასოთ ის ყველაფერი რაც ხდებოდა. პირველი, ეს ადამიანები დღეს ყველა გზით, ყველა მეთოდით, ხერხით ელტვიან ხელისუფლებაში მობრუნებას. ისინი მზად არიან, გაიღონ ყველა მსხვერპლი ოღონდაც ხელისუფლება დაიბრუნონ და დააბრუნონ ის მეთოდები, რომლითაც ისინი მოქმედებდნენ. და მეორე, მათი საქმიანობის შედეგი არის მძიმედ დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი რეალობაა, მძიმედ დაზარალებული ოჯახები, ამიტომაც იძულებულნი ვხდებით ხშირად გავიხედოთ ამ წარსულისკენ და ხშირად შევაფასოთ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებული ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები და მათი საქმიანობა მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.