“აქეთ მირეკავენ, გაკვეთილი ხომ გვაქვსო” – ქობულეთის საბავშვო ბაღებში 500-მდე ონლაინგაკვეთილი ჩატარდა

ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, ისევე როგორც ყველა სასწავლო დაწესებულება, სკოლამდელი დაწესებულებებიც დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ბოლო რამდენიმე თვე ყველაზე მეტად 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აღმოჩნდა უჩვეულო, თუმცა სიახლეს მალევე შეეჩვივნენ და დისტანციურ გაკვეთილებს ყოველდღიურად ხალისით ესწრებიან.

“რეგიონული კვირა“ ქობულეთის მე-3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და აღმზრდელს ესტუმრა. მომსწრე გახდა იმ აქტიური და თამაშით ჩატარებული ონლაინ გაკვეთილების, რომელიც სამი თვის განმავლობაში ბაღის 175 აღსაზრდელს ყოველდღიურად უტარდება.

საბავშვო ბაღის ერთ-ერთ აქტიურ და დამამთავრებელ ჯგუფს აღმზრდელი მზია რომანაძე ხელმძღვანელობს. მზიას აღმზრდელობითი საქმიანობის  27-წლიანი გამოცდილება აქვს, არასოდეს შეშინებია სირთულეების, რაც ამ დროის განმავლობაში აღსაზრდელებთან მიმართებაში გამოუვლია. არასოდეს უფიქრია მსგავს სიტუაციაზე, ონლაინ გაკვეთილების ჩატარებაც მისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ბავშვებს ყოველდღიურად ე.წ ,,ცოცხალ გაკვეთილებს“ უტარებდა და ასე თამაშ-თამაშით სკოლისთვის ამზადებდა. დისტანციური მუშაობა კი პატარა მოუსვენრებთან თავდაპირველად არარეალური ეჩვენა.
“მეგონა ამას ვერ შევძლებდით, კარგად მოგეხსენებათ ბავშვებს ჯგუფებში დიდი სივრცე აქვთ, სადაც თამაშით ვაყვარებთ სხვადასხვა საგნებს, ახლა საქართველოს ისტორიის გაკვეთილი გვაქვს, თემა მეფეებია, ყველაფერი მომზადებული მაქვს ადგილზე. სპეციალური სივრცე შევიქმენი, რადგან ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა თვალით დაინახონ და აღიქვან რეალურად. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ისეთი ყოჩაღები აღმოჩნდნენ, გაკვირვებული დავრჩი, პირიქით მირეკავენ გაკვეთილი ხომ გვაქვსო. ძალიან მიხარია ფეხი რომ აუწყვეს ამ ყველაფერს, მგონია რომ დაუძლეველი არაფერია. 27 წლის განმავლობაში რა სირთულეს არ წავაწყდი, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა, ღვთის წყალობით ყველაფერმა ჩაიარა“, – უყვება “რეგიონულ კვირას” მზია რომანაძე.
ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დღემდე 500-მდე ონლაინ გაკვეთილი გაიმართა.

ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები