მარნეულის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი დახმარების ექიმებმა 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს, – ამის შესახე სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს და ეკიპაჟის ფოტოს აქვეყნებს.
“ფოტოზე ჩვენი ეკიპაჟის წევრები არიან, რომლებმაც მარნეულში 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს.
ისინი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდნენ მარნეულში. ღირსეულად უმკლავდებოდნენ COVID-19-ის გამოწვევებს და პირველ ხაზზე ებრძოდნენ დაავადებას.
ამავე დროს, მათი პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით, არაერთი ადამიანის სიცოცხლე დარჩა ხელშეუხებელი, მათ შორის, შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადარჩენილი მამაკაცის.
მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო ამისთვის ჩვენს ეკიპაჟის წევრებს – გიორგი გაბედავას, თამარ ხაბურძანიასა და გელა კოპალიანს”, – წერს ავთანდილ თალაკვაძე.