ხულოში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზები თოვლის საფარისგან იწმინდება
ხულოში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 8 ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა 6 მიმართულებით მუშაობს.
ღორჯომი – მთა ზორტიყელის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხულოს განყოფილების უფროსთან – რამაზ შერვაშიძესთან, საკრებულოს წევრ – ალექსანდრე პაიჭაძესთან და მერის წარმომადგენელთან ღორჯომის ადმინსტრაციულ ერთეულში – თემურ ირემაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“ხულოში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულებით ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ იალაღებზე მისასვლელი გზა სრულად აღდგეს და მოსახლეობამ დროულად შეძლოს მთებში გადაადგილება”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.