ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა ის ლეგიტიმური მიზანია, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა

“პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჭირო ღონისძიებების გატარება, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა არის ის ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც ამ პროექტს უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა.
„დღეს, ღამის 12 საათიდან გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და იხსნება მთელი რიგი შეზღუდვები. თუმცა ის საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებასა და მოწესრიგებას, იქნება გამოწვევა, თუკი მათ არ დავარეგულირებთ.
ჩვენ პროექტში ასახული გვქონდა, რომ ეს იქნებოდა დროებითი ღონისძიება. ეს იყო მხოლოდ გარკვეული ვადით, მინიმალური, თანაზომიერი ჩარევა ადამიანის გარკვეულ უფლებებში. თუმცა, რადგან გაჩნდა შეკითხვები,  ხომ არ უკავშირდებოდა ეს გარკვეულ საკითხებს, სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც კანონპროექტში ისედაც ეწერა. მასში ეწერა ის, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება. ახლა კი კანონპროექტში, მეორე მოსმენის დროს აისახება, რომ ეს რეგულაციები გაგრძელდება მხოლოდ 15 ივლისამდე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
​მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდმა გუშინ სახალხო დამცველთან გაიარა კონსულტაცია და პოზიციები შეაჯერა.
“დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მიუთითებს, რომ მისი შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნა პროექტში”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
​მისი განცხადებით, კანონპროექტში გაწერილი იყო კრიტერიუმები, რომ ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება.
„ჩვენ შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ საჭირო იყოს, მაგალითად, მიმოსვლის შეზღუდვა იმისთვის, რომ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე; შესაძლოა შეიზღუდოს სოციალური ღონისძიებები, მაგალითად, ქორწილის გადახდა, რათა არ მოხდეს ეპიდაფეთქება და არ გადაიზარდოს უმართავ პროცესებში. კანონპროექტში გვქონდა, ასევე, რომ დისტანციურად პროცესები გამართულიყო მაქსიმალურად შეზღუდული ფორმით. ამასთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა რეკომენდაცია. ჩვენ ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ და მხოლოდ არასაპატიმრო ღონისძიებების შემთხვევაში ანუ როდესაც პირს აქვს აღკვეთილი თავისუფლება, ან როცა პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, მხოლოდ ამ შემთხვევებში მოხდეს დისტანციურად პროცესების წარმართვა. ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული მექანიზმი, ადამიანის უფლებებში მინიმალური ჩარევით და თუ ხდება ჩარევა, ის უნდა იყოს კონსტიტუციასთან და ევროპულ კონვენციებთან შესაბამისი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები