ილია მეორე: ვთხოვოთ წმინდა ნიკოლოზს, გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესთან დაკავშირებით იქადაგა. როგორც მან აღნიშნა, წმინდა ნიკოლოზი ყველას მიმართ მოწყალეა.
„მე მახსენდება მონაყოლი უწმინდესისა დ უნეტარესი ეფრემისა, წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა განსაკუთრებით. ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ხატია წმინდა ნიკოლოზისა, მივიდა მიტროპილიტი ეფრემი და ეუბნება ხატს, შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, გეხვეწები სთხოვე პატრიარქს, მოწყალება გაიღოს ჩემ მიმართო. სულ შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ მეორე. საოცარი მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მინდა, გავიხსენო ჩემი შემთხვევა, აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს, მითხრა, მიჭირსო და დამეხმარეო, მე ვუთხარი, რომ ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა, სთხოვე მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე. მე მიხარია, მე ვეუბნები, ხარიტონი მეთქი? მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა, ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მღვდელ-მონაზვნად, თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი, მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს, მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან, იმის შემდეგ სულ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს. გარდაიცვალა დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით, ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.