ჭიათურაში ორი ახალი სკოლა შენდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რგანსა და მეჩხეთურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები შენდება.
სამშენებლო სამუშაოები დღეს ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე გიორგი ბიწაძემ დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები სამშენებლო პროცესს გაეცნენ, მშენებლებს შეხვდნენ და პროექტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სოფელ რგანში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე, ადგილზე პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლას შპს ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აშენებს.
რაც შეეხება მეჩხეთურის სკოლას, აქ შენობის ფუნდამენტის მშენებლობის პროცესია. სკოლა 60 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მეჩხეთურის სკოლის მშენებლობას ამხანაგობა ,,შპს ერკერი და შპს კარკასი“ ასრულებს.
რგანისა და მეჩხეთურის სკოლების ასაშენებლად 3 560 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
დღესვე, ჭიათურის მერმა სოფელ ნადაეთის სკოლაც დაათვალიერა, სადაც სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 943 ლარი იხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები