“ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ მთავრობას, კანონით თუ კანონის გარეშე, შეუძლია იმოქმედოს ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტს ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც საკუთარი მმართველობის პერიოდში ყველანაირი კანონი დაარღვიეს.
„ის ხალხი გველაპარაკება, რომელმაც ყველანაირი კანონი დაარღვია. კანონი არ აძლევდათ უფლებას, მაგალითად, რომ ხალხი ეწამებინათ ციხეებში, მაგრამ აწამეს, არ აძლევდათ კანონი საშუალებას, რომ დაეჭირათ და წაერთმიათ ხალხისთვის ქონება, ჯანმრთელობა და ღირსება, მაგრამ გააკეთეს. გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვიღაც შეზღუდოს, გამოიყენოს უფლებამოსილება ისე, რომ ეს არ იყოს ვირუსთან ბრძოლის აუცილებლობით განპირობებული. ნებისმიერ პირობებში ნებისმიერ მთავრობას კანონით თუ კანონის გარეშე შეუძლია, იმოქმედოს ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა, ლოგიკა აქ არის. გვეუბნებიან, რომ ყველა ნაბიჯის წინ უნდა იყოს პარლამენტთან შეთანხმება, როცა სულ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, ვითარების შესაძლო დამძიმება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ ვირუსის გაგრძელებას, ოპერატიულ მოქმედებებს მოითხოვს. მთავრობას უნდა ჰქონდეს მექანიზმები იმოქმედოს შესაბამისად”, – განაცხადა ვოლსკიმ.