კელი დეგნანი: პრეზიდენტმა ნამდვილად გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო, თავის პირად მოსაზრებებზე წინ მან ქვეყნის ინტერესი დააყენა

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე “გამბედავს” უწოდებს და მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა პირად მოსაზრებებზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა.

დეგნანმა 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“არ მივიჩნევ, რომ იმ საქმეზე საუბარი, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოშია, მართებული იყოს. ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება საკუთარ თავზე თავადვე საუბრობს და დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს.

მხარეებმა იციან ის, რასაც დასთანხმდნენ, რადგან პირობები თავადვე შეიმუშავეს. მივიჩნევ, რომ ფასილიტატორების ფუნქცია არ არის ამ შეთანხმების ინტერპრეტაცია. გეტყვით, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება საქართველოს ინტერესშია, რადგან მიზნად ისახავს პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზებას, რათა უკეთესი პირობები შეიქმნას 2020 წლის შემოდგომისთვის – ისეთი არჩევნებისთვის, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს შეთანხმებას და დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებას. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმის კანონმა ასახოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ჩემი როლი არაა, გარკვეულ კატეგორიებს მივაკუთვნო ადამიანები. პრეზიდენტმა ნამდვილად გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო დეპოლარიზებისთვის, ჩანდა, რომ ეს იყო რთული ნაბიჯი მისთვის, თუმცა თავის პირად მოსაზრებებზე წინ მან ქვეყნის ინტერესი დააყენა, ეს ისაა, როგორც უნდა იქცეოდეს ლიდერი. იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი დაეხმარება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების წინაპირობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ახლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ქვეყანამ ახლა უნდა აჩვენოს ერთგულება ღირებულებების მიმართ”, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები