საგარეო უწყება: ბოლო მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20 957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 192

20 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20 957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 192, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

2020 წლის 20 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12 192 მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მორიგი ავიარეისი 22 მაისს რომიდან შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები