„ახალგაზრდა ადვოკატები“: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება კი უნდა შეჩერდეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადების პროექტს, მის ირგვლივ განვითარებულ დისკუსიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, რომლის მიზანს პანდემიის პროცესში სახელმწიფოს მოვალეობების ეფექტიანი შესრულება წარმოადგენს, არ ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპებს და დროებითი შეზღუდვების ხელოვნურად წარმოქმნას ან მმართვის ბოროტად გამოყენებას, თავად გამორიცხავს კანონი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გაეცნო საკანონმდებლო წინადადების პროექტს და კანონპროექტის განმარტებით ბარათს, რომლის მიხედვითაც ზუსტდება „იზოლაციისა“ და „საკარანტინო ღონისძიებების“ შინაარსობრივი და სამართლებრივი მხარე. კერძოდ, „იზოლაციის“ ცნების ქვეშ ჩნდება „შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევების“ ჩანაწერი, ხოლო „საკარანტინო ღონისძიებების“ ერთობლიობის მნიშვნელობის განსაზღვრებისას, აღნიშნულია, რომ „საკარანტინო ღონისძიებები“, აგრეთვე გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. მოქმედი კანონით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით კი, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტები უცვლელი რჩებიან, თუმცა ზუსტდება შემდეგი მოცემულობა: „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია“.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტროს გადაწყვეტილებები და მოქმედება ვერ იქნება უკონტროლო და ცვლილებები არ ცვლის თითოეული ასეთი გადაწყვეტილებისთვის სტანდარტს, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში მოქმედია. კერძოდ, კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით. კანონში არსებული სტანდარტი უცვლელად რჩება, ამასთან უფლება, პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი ცვლილებით, „შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების“ პირობაც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით უნდა დასაბთდეს და შესაბამისობაში მოვიდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, შეუძლებელია მტკიცება იმის შესახებ, ეწინააღმდეგება თუ არა უფლების შეზღუდვები პროპორციულობის პრინციპს, ვინაიდან თითოეულ უფლებაში ჩარევა ან შეზღუდვის ხარისხი, განპირობებული და კავშირშია გადასაწყვეტი პრობლემის მოცულობასთან და საშიშროებასთან. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის, საზოგადოებრივი სიკეთისა და ჯანმრთელობის მიზნიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომელიც, თითოეული ღონისძიების სახით, შეუძლებელია გაიწეროს კანონში და შესაძლებელია, მოწესრიგდეს კანონქვემდებარე აქტების სახით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან ერთად, დაჩაქრებული წესით არ უნდა მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ინიცირებული ინიციატივა, რომლის თანახმადაც, პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით. განსახილველ შემთხვევაში, პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაცვის უფლების გარეშე დარჩნენ სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირები. დაცვის უფლება გარანტირებულია, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპიდან და სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია. პანდემიის ან საშიში ეპიდემიის პირობებში, სახელმწიფოს მიერ დადგენილი საკარანტინო ღონისძიებების შედეგად, წარმომადგენლები შესაძლოა აღმოჩდნენ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში და შეზღუდული აღმოჩდეს მტკიცებულებებთან, საქმის მასალებთან ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივა საჭიროებს პროცესის მონაწილე მხარეებთან პროფესიულ დისკუსიას, შეჯერებული პოზიციის შექმნას და მისი დაჩქარებული წესით მიღება დასაბუთებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები