“ევროპარლამენტის ძირითად ჯგუფებს შორის ზოგადი თანხმობაა მიღწეული იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანაა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრეა ბოჩკორმა განაცხადა.
ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტი 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობას საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე დაიწყებს.
„ევროპარლამენტის ძირითად ჯგუფებს შორის ზოგადი თანხმობაა მიღწეული იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, ვუთხრათ და დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენ ვაღიარებთ მათ ძალისხმევასა და მიღწევებს, განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას და ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორებად მივიჩნევთ. საქართველოს და ქართველ ხალხს აქვთ ევროკავშირის რწმენა. მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყება 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. ეს დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ასეთი დადებითი ნაბიჯების შენარჩუნება ორივე მხარისგანაა საჭირო იმისთვის, რომ სრულად შესრულდეს ეს შეთანხმება”, – განაცხადა ანდრეა ბოჩკორმა.