ირაკლი კობახიძე: როცა გიორგი რურუას მაკალისტერი პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, ნათელია ის, თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია
“როდესაც ევროპის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, ნათელია ის, თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიშიც შეაფასა.
“გავეცანი სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც არის ძალიან დაბალანსებული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამატებით კიდევ შევა გარკვეული შესწორებები ამ ანგარიშში, რომელიც ზუსტად ასახავს, საბოლოოდ, იმ რეალობას, რომელიც არის საქართველოში შექმნილი. ეს არის ძალიან კარგად დაწერილი ანგარიში და ამისათვის ჩვენ სვენ მიქსერს, ბუნებრივია, მადლობა უნდა გადავუხადოთ.
რაც შეეხება მაკალისტერსა და მის რამდენიმე კოლეგას, რომელიც, სამწუხაროდ, ისეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე, რომელიც არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სინამდვილეს – ერთ-ერთმა კოლეგამ დღეს ძალიან კარგი პასუხი გასცა, როდესაც შეახსენა, რომ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება და როდესაც ახსენა მან, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ “ფეიკნიუსის” გამავრცელებლები. ეს არის ადეკვატური შეფასება.
რა თქმა უნდა, როდესაც გიორგი რურუას მოიხსენიებს მაკალისტერი პოლიტპატიმრად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ნათელია ის, თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.