საკონსტიტუციო სასამართლომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

საია მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვდა, რომლითაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაზე საგანგებო მდგომარეობის გამო საჯარო განხილვების ჩატარება დროებით შეიზღუდა.

სასამართლომ დააფიქსირა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საკუთარი პოზიციის წერილობით ან/და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით წარდგენის გზით.

„მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნებართვის გაცემის დროს არ დარღვეულა საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპი და მხოლოდ საზოგადოების ჩართულობის ფორმა შეიცვალა, პანდემიით შექმნილ ვითარებაში, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას უჩივლა საჯარო განხილვების ჩატარების და საზოგადოების თავშეყრის დროებით შეზღუდვის გამო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამწუხარო და მიუღებელია მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ისე გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სამწუხარო და მიუღებელია მათ მიერ უსამართლო და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით. გარემოს დაცვის სფეროში არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმის უმთავრესი მიზანი, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა”, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პანდემიით შექმნილი საგანგებო ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და შესაბამისი სამსახურების ძალისხმევით, გარკვეული მიმართულებების ეკონომიკური საქმიანობები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეფერხებულა. შესაბამისად, მუშაობა გრძელდება აღნიშნული საქმიანობებისა და პროექტებისთვის ნებართვების გაცემის მიმართულებითაც, რომელსაც, რიგ შემთხვევებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახორციელებს.

„პანდემიის დროს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის პირობებში, ვერ ხერხდება საჯარო განხილვების ჩატარება, შესაბამისად, დაინტერესებული საზოგადოებისათვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა სხვა საშუალებას იყენებს. მათ შორის, სამინისტროში წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს ვებგვერდზე დამატებით ატვირთულია საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი მოკლე პრეზენტაცია, რომელიც ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტებსაც და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, როგორც ელექტრონულად, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალური ფორმით. ამასთანავე, ინფორმაციის განთავსება ხდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში სასურსათო მაღაზიებთან, სააფთიაქო ქსელებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. აღნიშნულ პერიოდში, აღნიშნული სქემით მუშაობის პირობებში, სამინისტრომ საზოგადოების წარმომადგენლების არაერთი კონკრეტული შენიშვნა/მოსაზრება გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღების დროს”, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები