შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა, რომლითაც მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა (https://www.rs.ge/kompensacia) მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.
გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. როგორც უწებაში განმარტავენ, აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.
„შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით ხუთი დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად, ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.
დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751; https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@rs.ge.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპენსაციების მიმღები თვითდასაქმებული პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის (http://compensation.moh.gov.ge/) მეშვეობით პირველ ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 1505.
პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.