შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგაზავნილი 117 პირის სატესტო ნიმუშიდან “კოვიდ 19” არცერთს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილ საგანგებო შტაბში განუცხადეს
მათი განმარტებით, კიდევ 10 პირის ნიმუშია გაგზავნილი, რომელთა პასუხი ხვალ დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. გაგზავნილ სატესტო ნიმუშებს შორის თერგვისში ინფიცირებული ქალის ოჯახისწევრის ნიმუშიც.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით ინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებიდანაა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების 10 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, დანარჩენი 7 კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი თერგვის შემთხვევებია. ეს უკანასკნელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებია, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.