ვლადიმერ ბოჟაძე: მთელს მსოფლიოს ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორი იქნება უკრაინაში „სააკაშვილის მეორედ მოსვლა” და როდის დაუპირისპირდება „დიდი რეფორმატორი” თავის დამნიშვნელს
“კვლავ გრძელდება უკრაინასა და საქართველოში დისკუსია – მსოფლიო დონის რეფორმატორია თუ არა მიხეილ სააკაშვილი? ამ თემას ძალიან საინტერესოდ ეხმიანება ცნობილი უკრაინელი პუბლიცისტი, ბლოგერი დიმიტრი ჯანგიროვი, რომლის სტატიაშიც კარგად ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება ამ დანიშვნასთან მიმართებით,” – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ცნობილ უკრაინელ პუბლიცისტს, დიმიტრი ჯანგიროვს ეხმიანება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გერმანიის საელჩომ წინააღმდეგობა გამოთქვა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც უარყოფითად რეაგირებს.
ბოჟაძის თქმით, სააკაშვილი ყოველთვის იქნება ფაქტორი, თუმცა მისი გავლენა არაერთხელ ვნახეთ არჩევნების შედეგებზე 2013, 2014, 2016, 2017, 2018 წლებში და გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.
„ჩვენთვის ჯერ კიდევ დასადგენია, სააკაშვილის ესოდენ „მაღალ” თანამდებობაზე დანიშვნა შეთანხმებული იყო თუ არა „დიდი შვიდეულის” ლიდერებთან, ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანლებთან. აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა „გაქცეული პრეზიდენტის”, უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გარდა, ყველას უფროსად დანიშვნა? ახლა მას, როგორც იქნა, საქმეები გამოუჩნდა და მნიშვნელოვანია მისი ფაქტორის განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკაში, ეცლება თუ არა და მოახდენს თუ ვერა გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე? სააკაშვილი ყოველთვის იქნება ფაქტორი, თუმცა მისი გავლენა არაერთხელ ვნახეთ არჩევნების შედეგებზე 2013, 2014, 2016, 2017, 2018 წლებში და გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. ახლა მთელს მსოფლიოს ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორი იქნება უკრაინაში „სააკაშვილის მეორედ მოსვლა” და როდის დაუპირისპირდება „დიდი რეფორმატორი” თავის დამნიშვნელს, პრეზიდენტ ზელენსკის”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.