ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს
ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ვიდეოჩართვის საშუალებით სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.
ვიდეოჩართვაში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი, თამარ შარაშენიძე და დარგის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სილამაზის სალონების ფედერაციის სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციების შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაციებში გათვალისწინებულია როგორც დარგის სამუშაო სპეციფიკა, ასევე, მათი შენიშვნები. ვიდეოჩართვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სილამაზის სალონების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ სილამაზის სალონებისთვისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის შემუშავებული რეგულაციები სამუშაო სივრცეში კორონავირუსის პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება ყველა სილამაზის სალონისა და ესთეტიკის ცენტრისთვის სავალდებულოა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყოველდღიურ კომუნიკაციაშია დარგობრივ ბიზნესასოციაციებსა და კერძოსექტორთან. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა სილამაზის სალონების ფედერაციასთან და ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეკომენდაციები და სტანდარტები. სტანდარტებში სრულად არის ასახული აღნიშნული დარგის ის პრაქტიკა, რეალობა და საჭიროებები, რაც შესრულებადია ბიზნესის მიერ და ხელს შეუწყობს დარგის სწრაფად გახსნასა და ეფექტურად მუშაობას”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.