ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული, ცხინვალიდან შემოყვანილი პაციენტი მკურნალობს
“გვყავს ერთი ახალი პაციენტი, როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან. კლასტერი გამოდის ცხინვალი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ბოქსირებულ სექტორში 55 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 45-ს აქვს დადასტურებული. 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 7. გვაქვს 5 გამოჯანმრთელება – სამი მოზრდილი და ორი მოზარდია. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც მცხეთის საავადმყოფოდან გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
კვლავ საყურადღებოა 4 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების დაავადების სიმძიმე საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტი მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა, თანამშრომელი არ არის. როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან. კლასტერი გამოდის ცხინვალი. 60 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცია. მიმდინარეობს გამოკვლევა და მკურნალობა.
სულ 5 პაციენტია საყურადღებოა. ბავშვების რიცხვი შემცირდა, 6 ბავშვი რჩება გამოჯანმრთელების მოლოდინში, თითოეულის მდგომარეობა მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.