გიორგი გახარიას ინიციატივით, აშშ-ის სენატორ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა – მხარეებმა აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და, მათ შორის, ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის” პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე, საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.

საქართველოს პრემიერმინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები