“ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანს მაინც დესტრუქცია წარმოადგენს, ვინაიდან დარწმუნებულნი არ არიან გამარჯვებაში”

„რაც დრო გადის, სულ მეტი და მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ფორმულითა და სისტემით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ალბათ, გამარჯვების იმედიც უნდა ქონდეთ და შემდეგ საზოგადოება თუ გადაწყვეტს”, – აღნიშნა პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის დღევანდელი მოლაპარაკების საპასუხოდ.

მისივე თქმით, უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემასა და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, უნდა გატარდეს ცხოვრებაში.

„ადამიანები, რომლებსაც ისინი ასახელებენ, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები, კიდევ სხვა ნიშნებით მხარს დაუჭერენ და, ალბათ, განახორციელებენ შემდეგ იმ უკანონო ბრძანებას, რასაც მოუწოდებენ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ეს პერსპექტივა გამარჯვების რომ არ არსებობს, საფუძველს მაძლევს, რომ კიდევ ერთხელ და რამოდენიმეჯერ გავიმეორო, რომ სწორედაც უპერსპექტივობა განაპირობებს დესტრუქციას, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ხელისუფლება სრულად ასრულებს თავის ვალდებულებას, ამასთანავე, კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკური რესურსის ჩარევა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში.
„ასეთი რამ არ უნდა იქნეს დაშვებული, ასეთი პრაქტიკა ჩვენ დიდი ხანია, ამოვიღეთ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ის ხაზგასმით აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ჩამოყალიბებულია მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია “საარჩევნო სისტემა”.
„იყო სერიოზული შეკითხვები, როდესაც პროპორციული არჩევნების თემა იდგა და მათვე, ჩვენმა ოპონენტებმა, მოგვცეს საფუძველი, მათ შორის, მეც, რომელიც მხარს ვუჭერდი პროპორციულ სისტემას, ბევრი ჩემო მეგობარი და კოლეგა დავმდგარიყავით იმ აზრზე, რომ ისინი სწორედაც ამზადებდნენ დესტაბილიზაციას ქვეყნისათვის, როდესაც ვერ იქმნება კოალიციური მთავრობა და შევდივართ ისეთ პოლიტიკურ პერიოდში, რასაც პირდაპირ ჰქვია დესტაბილიზაცია – მთავრობის ვერ ჩამოყალიბება, დაპირისპირების ხარისხის გაზრდა და ეს ვისაც აწყობს, ყველამ კარგად იცის ამის თაობაზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები