არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას დარჩა ვალდებულებები თანაპარტიელებსა და რადიკალურ მხარდამჭერებთან

„უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს მართლაც გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ჩვენგან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას თანაპარტიელებსა და რადიკალურ მხარდამჭერებთან ვალდებულებები დარჩა.

„თქვენ მეკითხებით რატომ ითხოვენ გათავისუფლებას, თუ არ ყოფილა ასეთი შეთანხმება – გპასუხობთ, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები, ოპოზიციამ კი დაინახა, რომ ამ პატიმრების საკითხის შეთანხმებაში შეტანა ვერ შეძლეს. მათ დარჩათ ვალდებულებები თანაპარტიელებსა და საკუთარ რადიკალურ მხარდამჭერებთან. ამ ვალდებულებებს ვერსად გაექცეოდნენ და ამით აიხსნება მათი განცხადებები – თვითგადარჩენისთვის 8 მარტის შეხვედრის დასრულებისთანავე სასწრაფოდ გააკეთეს განცხადებები და სათავისოდ თარგმნეს შეთანხმება, რომელშიც სინამდვილეში ამ საქმეებსა და პატიმრების გათავისუფლებაზე არ წერია. ჩვენ თავიდანვე და შემდეგაც არაერთხელ ვთქვით, რომ ეს არ შედიოდა შეთანხმებაში – 8 მარტსვე გაკეთდა ჩვენი მხრიდან ამომწურავი განმარტება.

რამდენიმე მონაწილეს ვხედავ მანიპულირებენ ფრაზებით – ხშირად იმეორებენ “ამაზე იყო საუბარი” ან “ეს საკითხი იყო განხილული” – ეს არის მანიპულაცია და დემაგოგია – მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს მართლაც გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ჩვენგან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები