რიცინი-პრაღის მერისთვის გამზადებული მომაკვდინებელი „სადეზინფექციო ხსნარი“

„ეს შეცდომაა, მე ჩემოდანში სადეზინფექციო ხსნარი და კანფეტები მქონდა“, -განუცხადა ანდრეი კონჩავკოვმა ჩეხურ სააგენტო  Seznam Spravy-ს. 34 წლის კონჩაკოვის თაობაზე არსებობს ეჭვი, რომ მას ჩემოდნით პრაღის მაღალჩინოსნების მოსაწამლად მომზადებული ნივთიერება – რიცინი გადაჰქონდა. ჩეხეთის მედიაში აცხადებენ, რომ ასეთი ეჭვი ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სააგენტოს აქვს. თუმცა, ამ დროისთვის, რუსეთის მოქალაქისთვის ბრალი წარდგენილი არ არის.

ანდრეი კონჩაკოვმა ბირთვული შეიარაღების უნივერსიტეტი დაამთავრა და ჩეხეთში წარმომადგენლობას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.  კონჩაკოვი პრაღაში 14 მარტს ჩავიდა, მას რიცინი დიპლომატიურ ბარგში ჰქონდა, თუმცა მისი ნივთების შემოწმება არ მოხდა იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ ეს რუსული დეზინფორმაციული კამპანიის თემა არ გამხდარიყო. თითქოს და, აეროპორტში მას დახვდა რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი, ალექსანდრე ანტონოვი.

ეს ისტორია, თავდაპირველად, ჩეხურმა გამოცემა Respekt-მა ქვეყნის დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გააშუქა. ჩეხეთის მედიასივრცეში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრთხე პრაღის მერ ზდენეკ გრჟიბსა და პრაღის მეექვსე ოლქის მერს, ონდჟეი კოლარს დაემუქრა. ისინი რუსეთის დაზვერვიდან მომდინარე ამ საფრთხის გამო, პოლიციის 24-საათიანი დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

მოგვიანებით, რუსულ რადიოსადგურ „ეხო მასკვის“-თან ინტერვიუში პრაღის მერმა დაადასტურა, რომ მას და მის ოჯახს პოლიცია რამდენიმე კვირაა, იცავს. ზდენეკ ჰრჟიბს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

რატომ გახდნენ რუსული დაზვერვის სამიზნეები პრაღელები?

მერი გრჟიბი რუსული დაზვერვის რადარებზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხვდა, რაც პრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისთვის მოკლული რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის  ინიციატორი გახდა. ნემცოვი ვლადიმერ პუტინის აქტიური კრიტიკოსი, ეროვნული თავისუფლების პარტიისა და  რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო, რომელიც  2015 წლის 27 კრემლის მიმდებარედ იარაღიდან გასროლით მოკლეს. პრაღის მერმა ახსნა, თუ რას ფიქრობს ის ბორის ნემცოვის შესახებ: „ჩემთვის ნემცოვის პიროვნებას დიდი მნშვნელობა აქვს, რადგან ის ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ გამოდიოდა“. და რუსეთის რეაქცია? ადგნენ და საელჩოს მისამართი შეუცვალეს პრაღაში რუსეთის საელჩო ახლა თავისი საკონსულოს მისამართით სარგებლობს და კორესპდენციაშიც ასე უთითებს…

რუსული დაზვერვის მეორე სამიზნე პრაღის მეექვსე ოლქის მერია, რომელიც, როგორც ჩანს, საბჭოთა მარშალის, ივან კონევის ძეგლის აღებისთვის, კრემლის გადაწყვეტილებით, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ჯერ კიდევ 2017 წელს უცნობებმა მონუმენტს წითელი საღებავი შეასხეს და შემდეგი თარიღებიც მიაწერეს – 1956, 1961, 1968, 2017. პრაღა-6-ის ხელმძღვანლის, შრამეკის აზრით,  ძეგლზე მითითებულია, რომ 1956 წელს კონევი  უნგრული აჯანყების ჩახშობას მეთაურობდა, 1961 წელს ბერლინის კედლის აღმართვაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1968 წელს საბჭოთა ჯარებმა ჩეხოსლოვაკიაში მოაწყვეს სასაკლაო, რაშიც ასევე მიუძღოდა დიდი წვლილი.

საბჭოთა მონუმენტები ოფიციალური მოსკოვისთვის იმდენად წმინდაა, რომ, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მათი დაზიანება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ახლაც, ჩეხეთს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, რაც წარმოუდგენელი მოქმედებაა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინს ძეგლების ფეტიში  დიდი ხანია, ახასიათებს, არაფერია გასაკვირი. 2007 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრიდან წითელი არმიის ჯარისკაცის ძეგლის აღებას კრემლმა კიბერთავდასხმით უპასუხა.   საინტერესოა, რომ  2019 წელს ევროპარლამენტმა რეზოლუცია გამოაქვეყნა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს თანაბრად დააკისრა. რუსეთის პრეზიდენტი მაშინ ამ ნაბიჯმა გააღიზიანა, მან რეზოლუციას „მიუღებელი და არაკორექტული“ უწოდა. რუსი სამხედრო პირების მონუმენტებს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული იდეოლოგიური ომის ჭრილში აღიქვამს. 

სხვადასხვა ცნობით, მარშალი კონევი 1968 წელს „პრაღის გაზაფხულის“ დროს საბჭოთა ჯარების შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. მისი ძეგლის დემონტაჟი პრაღაში 3 აპრილს განხორციელდა, რასაც კრემლის მხრიდან ოპერატიული და კოორდინირებული შეტევა  მოჰყვა. 5 აპრილს მოსკოვში ჯგუფმა, სახელწოდებით „სხვა რუსეთი“, ჩეხეთის საელჩოზე ვანდალურად დაესხა თავს. ჯგუფის წევრები აცხადებდნენ – „ჩვენი ტანკები პრაღაში იქნება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ მონუმენტის აღებას “დანაშაული” უწოდა და ჩეხეთს თითი დაუქნია. როგორც იცის ხოლმე, მკაცრი სახით დასძინა, რომ ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩებოდა.  რუსეთის  თავდაცვის მინისტმა, სერგეი შოიგუმ ონდჟერი კოლარის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

КГВ-ს მოძველებული, თუმცა კარგად გამოცდილი მეთოდებით მართული რუსული დაზვერვისთვის მომწამვლავი ნივთიერებების გამოყენება რომ საკმაოდ „შესაბამისი რეაგირებაა“, ამას  სკრიპალების გახმაურებული საქმეც მოწმობს.  დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის „ნოვიჩოკით“ მკვლელობის მცდელობაში კრემლი ღიად დაადანაშაულა და რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. ინგლისს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა მხარი. რუსეთის დაზვერვა მომწამვლელი ნივთიერებების ნამდვილი ექსპერტია, თუმცა მსოფლიო რუკაზე მკაფიოდ გავლებული საზღვრების აღქმა სულ უფრო უჭირს. ამის ნათელი მაგალითი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაა. დასავლეთში მაშინ აქტიურად საუბრობდნენ რუსული სპეცსამსახურების კვალზე.

იმას, რომ ჩეხი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არსებული საფრთხე  რეალურია,  ისინი თავად ადასტურებენ. მედიაში იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ახლახან მომხდარი კიბერთავდასხმებიც რუსეთს უკავშირდებოდეს. ორივე პოლიტიკოსი დაცვის ქვეშ რჩება, პრაღასა და მოსკოვს შორის კი ურთიერთობა სუსხიანი გახდა. ეს იგრძნობა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩეხი პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი კრემლის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ალაპარაკდა.

დალი გორგილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები