ბრძოლა გადარჩენისთვის – ტურიზმის სექტორი შემოსავლების 75 %-ით შემცირებას ელის

სუბსიდირება და საგადასახადო შეღავათები, ჯამურად, 200 მილიონი ლარი – ეს არის დახმარების ის პაკეტი, რასაც  ტურიზმისა და სარესტრონე ინდუსტრია მთავრობისაგან მიიღებს. 200 მილიონიდან 135 მილიონი  სახვადასვა სახის საგადასახადო შეღავათებზე მოდის. 60 მილიონს ტურისტული ინდუსტრია “აწარმოე საქართველოს” პროგრამით მიიღებს, ხოლო კიდევ 5 მილიონი უშუალოდ  ტურისტული კომპანიებისა და ტუროპერატორებისთვის გამოიყოფა.

უფრო დეტალურად  სამთავრობო პაკეტი ასე გამოიყურება:

  1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება ტურისტული ინდუსტრია. (შეღავათი 45 მლნ ლარი);
  2. საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდება 2020 წლის ბოლომდე (90 მილიონი ლარის შეღავათი);
  3. განთავსების ობიექტების (სასტუმროების) სუბსიდირება მოხდება მათ სასესხო ვალდებულებებზე. ყველა ობიექტი, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდეა, 5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტის მომსახურებაზე სახემწიფოსგან 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებს. (განსაზღვრულია 60 მილიონი ლარი);
  4. ტურიზმის სექტორს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა დაუფინანსდება;
  5. კვების ობიექტებთან მიმართებით – მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
  6. კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
  7. კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს;
  8. ტურისტული კომპანიები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
  9. ტურისტული კომპანიებისთვის გადავადდება საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე;
  10. ტურისტული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით მოხდება კრედიტის თანადაფინანსება.

გასულ კვირას  ცნობილი გახდა,  რომ შიდა ტურისტული აქტივობები  უკვე 15 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო საზღვრები 1-ელი ივლისიდან გაიხსნება და უცხოელი ტურისტების მიღებაც იქნება შესაძლებელი.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი მთავრობის მიერ წარმოდგენილ დახმარების პაკეტს “დროულსა” და “აუცილებელს” უწოდებს, თუმცა ფიქრობს, რომ ტურისტულ ინდუსტრიას მძიმე დღეები ელოდება და 2019 წლის მაჩვენებლებს მხოლოდ 2022 წელს დაუბრუნდება. მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქონების გადასახადის მოხსნასა და საზღვრების გახსნას.

ალავერდაშვილის მოსაზრებით, გასულ წელთან შედარებით,  ტურიზმის სექტორი წელს   75 %-ით ნაკლებ შემოსავალ მიიღებს, ხოლო 2021 -ში – 35 %-ით ნაკლებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალავერდაშვილი ვარადობს, რომ ტურისტულ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილები, დაახლოებით, 30 %-ით შემცირდება. ალადაშვიილის შეფასებით, დაახლოებით, ორ წელს  საქართველოს ეკონომიკის ამ მნიშვნელოვან სეგმენტს  გადარჩენისთვის ბრძლა მოუწევს.

ალავერდაშვილი  მოლოდინი აქვს, რომ, დაახლოებით, ერთ კვირაში უკვე  მზად იქნება ე.წ. გაიდლაინები, ანუ მითითებები, თუ როგორ უნდა მიიღონ და განათავსონ ტურისტები სასტუმროებმა და რესტორნებმა. როგორც ირკვევა, უკრაინას, ისრაელსა და  ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეს გაიდლაინები უკვე აქვთ და, დიდი ალბათობით, საქართველოშიც მსგავსი სამოქმედო არეალი განისაზღვრება. ალავერდაშვილი ვარაუდობს, რომ   პატარა რესტორნებსა და სასტუმროებს ახალ რეალობასთან ადაპტაცია გაუჭირდებათ. მისი თქმით, კაფეები ან კვების ის ობიექტები, სადაც 15-20 კაცის მასპინძლობა იყო შესაძლებელი, ახალ რეალობაში 4-5 ადამიანზე მეტს ვერ მიიღებს, შესაბამისად, მათი ფუნქციონირება აზრს კარგავს.

ვის უნდა ველოდოთ წელს?

ალავერდაშვილის მოსაზრებით, თუ გავითვალისწინებთ ევროპაში არსებულ ეპიდ მდგომარეობასა და იქაური მთავრობების მოწოდებებს, რომ მოგზაურობა და ტურიზმი მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებშია მიზანშეწონილი, საქართველოში ევროპულ ტურისტებს არ უნდა ველოდოთ. ალავერდაშვილი დიდ ტურისტულ ნაკადებს არც საქართველოს სამეზობლოდან ელის. მისი აზრით, განსაკუთრებით შემცირდება რუსი ტურისტების რაოდენობა. ალავერდაშვილი მიზეზად აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს. სამაგიეროდ ალავერდაშვილს იმედი აქვს,რომ ბევრი ტურისტი ჩამოვა ისრაელიდან, ყაზახეთიდან,  ტაილანდიდან  და სამხრეთ კორეიდან. როგორც ალადაშვილი აცხადებს, ისრაელში დაახლოებით, 5 მილიონ დოლარის საქართველოს პაკეტია გაყიდული, იგივე ვითარებაა სამხრეთ კორეაში, ხოლო ტაილანდში საქართველოს მიმართულებაზე გაყიდული ტურპაკეტების ღირებულებამ 3 მილიონს გადააჭარბა.

როგორი იქნება სასტუმროების დატვირთულობა?

 ალავრდაშვლის თქმით, ტურისტების რაოდენობა პიკს სექტემბერში მიაღწევს და ამ დროსათვის სასტუმროები, დაახლოებით,40-45 %-ით იქნება დატვირთული.

ადგილობრივი ტურიზმი

 ალავერდაშვილის მოსაზრებით, რთულ  ვითარებაში აღმოჩნდება ადგილობრივი ტურიზმიც. მისი თქმით, მოსაზრება, რომ გამსვლელი ტურისტები თანხებს ამჯერად საქართველოში დახარჯავენ და ეს ადგილობრივი ტურიზმისთვის ერთგვარი შვება იქნება, მცდარია. ალავერდაშვილის თქმით, საზღვარგვარეთ დიდწილად საშუალო ფენა მოგზაურობდა, რომელმაც კოვიდის გამო შემოსავლები დაკარგა და ფინანსური რესურსი ფაქტობრივად აღარ  გააჩნია. ის ვარაუდობს, რომ ადგილობრივი ტურისტებით სასტუმროები მხოლოდ 20%-ით დაიტვირთება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს 5 მილიონამდე ტურისტი ეწვია და ამ სფეროს შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები