გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის მიზანი ყოველთვის იქნება საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკის განვითარება
„სააკაშვილის პლატფორმა და მიზანი, სადაც უნდა იყოს, ყოველთვის იქნება საქართველოში იმ დესტრუქციული პოლიტიკის განვითარება, რასაც იგი ღიად ლაპარაკობს თავის ეთერებში და ღიად ლაპარაკობს ე. წ. სააკაშვილის კლასტერი საქართველოში. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს პოზიციაც, რაც ახლა აქვს, რომ საერთოდ არ ჩატარდეს არჩევნები იმ სქემით, რაც არსებობს, ანუ დესტრუქცია მოხდეს საარჩევნო სისტემის მიმართ, ესეც სააკაშვილის „გენიალური” შემოქმედების ერთ-ერთი ნაწილია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ უნდა გავიმეორო, ისეც არ ვართ, რომ რადგან პოლიტიკური ოპონენტია, იერიშზე გადავიდეთ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს რაღაც პოზიტივში არ ჩავუთვალოთ. კი, რამდენიმე პროექტი როგორ არ განხორციელდა საქართველოში, თუმცა ისიც არ დავივიწყოთ, რომ – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. რაც ეროვნული მნიშვნელობის პროექტი იყო, თუნდაც პოლიციის რეფორმა, სამხედრო რეფორმა, ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება იყო მთავარი ენერგია, მთავარი მამოძრავებელი ძალა პოზიტიური მიმართულებით. ძალიან მოკლე ხანში ეს ყველაფერი შეწყდა და გადავიდა მმართველობის სისტემა ხელისუფლების უზურპაციაზე, სადისტურ მართვაზე, და რა დაგვრჩა, შედეგით ვიმსჯელოთ. დაგვრჩა დანაწევრებული საქართველო, საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, უამრავი ადამიანი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი. მხოლოდ ეს მაჩვენებლები ეყოფოდა იმისათვის, რათა შევაფასოთ სააკაშვილის რეფორმატორობა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.