გიორგი ვოლსკი: კუბილიუსის განცხადება უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება არათუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ – უსაშველოდ არაკომპეტენტურიც.

„შეთანხმების ნაწილი ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემა ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ, ჯერ ეს ერთი, კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული და ეს ბრალდებები დამტკიცებულია. აქედან გამომდინარე, კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ – უსაშველოდ არაკომპეტენტურია, ასე ვთქვათ. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას შეუძლია კონკრეტული ბრალდებები მოუხსნას კონკრეტულ პიროვნებებს და რაღაცა კონიუნქტურული მოსაზრებებით ამასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ოპოზიციასთან 8 მარტის შეთანხმების სწრაფი შესრულება.

როგორც გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, ევროპარლამენტარის განცხადება, ერთი მხრივ, წარმოადგენს აშკარა, ღია მხარდაჭერას იმ დემაგოგიური პოლიტიკისას, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას – “ნაცმოძრაობას” აქვს, ხოლო, მეორე მხრივ, ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაცაა, ვინაიდან ეს არ არის თვითონ ევროპარლამენტის პოზიცია.

„ეს მისი პირადი პოზიციაა და რა ვალდებულებები აქვს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ამ კონკრეტულ პიროვნებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არა რაღაც პოლიტიკური მოკავშირეობა, სხვა რა უნდა არსებობდეს. მაგრამ ესოდენ დიდი გადაცდომა გარკვეული სტანდარტიდან, მაფიქრებინებს, რომ დაუფიქრებელი არ არის ეს ნაბიჯი, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლებელი მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კლასტერს საკმაოდ დაბალი პოლიტიკური რესურსი გააჩნია და ამ ხაზით იქნებ როგორმე შემოიტანონ რაღაც ახალი ელემენტები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს ამდენი შიდა და გარე გამოწვევების პირობებში, შიდა და გარე მტრების შემოტევების პირობებში, ემატება კიდევ ეს განცხადებაც, რომელიც ამ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, თუნდაც იყოს არაკომპეტენტური”, – განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები