“სახელმწიფომ უზრუნველყო ქრონიკული დაავადების მქონე პირების, ხანდაზმულების, ორსულების, მცირეწლოვნებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სამშობლოში დაბრუნება”
დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სახელმწიფომ უზრუნველყო ქრონიკული დაავადების მქონე პირების, ხანდაზმულების, ორსულების, მცირეწლოვნებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების სამშობლოში დაბრუნება.
„ჯამურად, დღეის მონაცემებით, ამ კატეგორიის 2828 მოქალაქე უკვე დაბრუნებულია სამშობლოში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 სპეციალური ავიარესი განხორციელდა.
„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საკოორდინაციო საბჭოზე არსებული საჭიროების მიხედვით, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ავიარეისების დაგეგმვა და განხორციელება. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებითა და შესაბამისი ფორმებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ბილეთებით უზრუნველყოფასა და გამომგზავრებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.