დავით სონღულაშვილი: ევროპა არის არა მხოლოდ საზღვრები, არამედ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს

ფრანგულ გამოცემა „ლეზ ექოში” გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია.

მისი თქმით, ევროპა არის არა მხოლოდ საზღვრები, არამედ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს.

„არაერთხელ გამოუხატავს თავისი მხარდაჭერა ევროკავშირს საქართველოს მიმართ და დღევანდელ დღესაც, როცა უხილავ მტერთან ერთად ბრძოლის დროს ასეთი დიდი მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირმა საქართველოსადმი, კიდევ ერთხელ ნათლად განსაზღვრავს და ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ ევროპა არის საქართველოსთვის დემოკრატიული პროცესების განვითარების გარანტი, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია.

„შესაბამისად, ჩვენთვის ევროპა არის არა მხოლოდ საზღვრები, არამედ ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ასე თანმიმდევრულად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში ახლა დაწყებული პროცესები ევროპასთან გაფართოების მიმართ და ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაწყებული მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ განსაზღვრავს და ხაზს უსვამს ევროპის გაფართოების პერსპექტივას.

„ჩვენ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, ახალ საფეხურზე გადავიდეს ყველა ის პროცესი, რომელიც აქამდე თან ახლდა საქართველოს მხარდაჭერას, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპულ გზაზე”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები