მამუკა მდინარაძე: კოკა ყანდიაშვილს “ქართულ ოცნებასთან” ოფიციალური კავშირი არ აქვს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ფეისბუქის” მიერ გაუქმებულ ექაუნთებსა და მმართველ გუნდთან კოკა ყანდიაშვილის კავშირზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ყანდიაშვილს “ქართულ ოცნებასთან” ოფიციალური კავშირი არ აქვს.
“ფეისბუქის” განცხადებაში არ არის მხოლოდ “ნაცმოძრაობაზე” საუბარი. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც იქ არის ხსენებული, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით გააუქმეს ექაუნთები. რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს – ერთხელ და სამუდამოდ, რომ დასრულდეს ამაზე საუბარი 2013-14 წლიდან ამ ადამიანს “ქართულ ოცნებასთან” შეხება აღარ აქვს. ის ოპერირებდა ერთ-ერთ სააგენტოზე და სოციალურ სივრცეშიც, თუმცა მას ჩვენთან ოფიციალური კავშირი არ აქვს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.