მეუფე ნიკოლოზი: ის, რაც ახლა ხდება, არის განსაცდელი, მაგრამ არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია
“ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაცდელი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„წმინდა გიორგობას გილოცავთ. წმინდა გიორგი არის და იქცა აღდგომის სიმბოლოდ, მრავალჯერ აწამეს, მრავალჯერ მოკლეს და ღმერთმა აღადგინა. ქართველმა ხალხმა წმინდა გიორგი აირჩია განსაკუთრებულ წმინდანად იმიტომ, რომ მისგან განსაკუთრებულად ვისწავლოთ გამხნევება. ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაცდელი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია. მე არ ვლაპარაკობ ომებზე და ფიზიკურ დაზიანებეზე. ავადმყოფობები რომ ავიღოთ, უფრო სერიოზული, უფრო მძიმე, უფრო სასიკვდილო დაავადებები უფრო მეტად ყოფილა გავრცელებული და გადაუტანია ჩვენს ხალხს, მთელ მსოფლიოს. იმედიც სწორედ აქ უნდა ვნახოთ. დღეს წმინდა გიორგის უნდა შევთხოვოთ, მრავალტანჯულ წმინდა გიორგის და ის დაგვეხმარება შიშის გაფანტვაში“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.