ჯიშკარიანი და შაქარიშვილი სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნაზე – “ნუ გააკარებთ სააკაშვილს რაიმე სახის სახელმწიფო მმართველობას”

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები – ჯაბა ჯიშკარიანი და ვახტანგ შაქარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურნენ.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ყველანაირ სახელმწიფო წარმომადგენლობაში სახიფათოა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ 2020 წელს ისევ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შეფასება გვიწევს. ჩვენ არ შეგვეძლო, გულგრილი ვყოფილიყავით  უკრაინის ხელისუფლებაში მისი რაიმე თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება, საქართველოში მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. სახიფათოა მისი ყველანაირ სახელმწიფო წარმომადგენლობაში ყოფნა. ეს 2004-2012 წლებში ნათლად ჩანდა. მან შექმნა რეჟიმი, რომელიც კლავდა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მის პიროვნულ ინტერესებს მოარგო. მან დაიმორჩილა მედიის დიდი ნაწილი, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია.

მიხეილ სააკაშვილმა კრიმინალებისგან დააკომპლექტა და შექმნა სადამსჯელო რაზმები, რომელიც შემდგომ საკუთარ ხალხს დაუპირისპირა. ჩვენ ვართ ნათელი მაგალითი და შემსწრე იმ აღვირახსნილობების კასკადისა, რასაც სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად ჩადიოდა. გვინდა, მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის, წარმომადგენლობით რადასა და, რაც მთავარია, უკრაინელ ხალხს, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას და ნუ გააკარებთ სააკაშვილს, რაიმე სახის სახელმწიფო მმართველობას. ეს ფაქტი კი არის „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მუხლჩაუხრელი კოჰაბიტაციის შედეგი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვებრძოდით. „ქართული ოცნება“ რომ დაკავებული ყოფილიყო სააკაშვილის ექსტრადირების საკითხითა და მთავარი საარჩევნო დაპირების – სამართლიანობის აღდგენის აღსრულებითა და შესრულებით, სააკაშვილი მინიმუმ მატროსოვის ციხეში იჯდებოდა. ჩვენ, “ქართული ოცნების” ლიდერებისგან განსხვავებით, არასდროს გავხდებით ის, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვით და ვიბრძოდით”, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ისააკაშვილი ჩაიწერა, როგორც ძალადობრივი რეჟიმისა და ავტოკრატიული მმართველობის შემოქმედი.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და სახელმწიფო დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შესაძლო მაღალი თანამდებობის დაკავების საკითხს.

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სააკაშვილი ჩაიწერა, როგორც ძალადობრივი რეჟიმისა და ავტოკრატიული მმართველობის შემოქმედი, რომლის რეპრესიულ მანქანას წლების განმავლობაში ეწირებოდა ადამიანთა სიცოცხლე, თავისუფლება, ღირსება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ის, ქართულმა საზოგადოებამ მრავალწლიანი შეუპოვარი ბრძოლის და უდიდესი კონსოლიდაციის შედეგად 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს არჩევნების გზით დაამარცხა. ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ საზოგადოებას ჰქონდა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რაც, პირველ ყოვლისა, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას გულისხმობდა. სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს უმთავრესი დანაპირები არ შეასრულა, მეტიც, ჩენ ვხედავთ რეჟიმის სხვადასხვა კლასტერს, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებაში” არის, არჩევით თუ დანიშნულ მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის  რაც ყველაზე მძიმეა, სასამართლოში, თანაც – უვადოდ!

ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით გვაქვს მძიმე ემპირიული გამოცდილება. გვსურს, ეს უარყოფითი გამოცდილება გავუზიაროთ უკრაინელ ხალხს და შევეცადოთ, ავარიდოთ მოსალოდნელი საფრთხე, რაც რეალური ხდება სააკაშვილის საჯარო თანამდებობაზე დანიშვით!

ამავე დროს გვაქვს სათქმელი “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან – გეთანხმებით რომ უცხო ქვეყნის მიერ ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ბრალდებებით გასამართლებული ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ შენივე ქვეყანში, შენივე ხელით სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაც არ არის პატივისცემა და შენი ხალხის დაფასება!სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნება” მოქმედებს მხოლოდ საკუთარი პარტიული მიზანშეწონილობით და არა მოსახლეობის დაკვეთის შესაბამისად და როდესაც მათ შეეშინდათ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის, ისინი გააქტიურდნენ. ეს ბადებს ეჭვს, რომ მათი წინააღმდეგობა არ არის გულწრფელი და ნაკარნახევია მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშით”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები