სექსუალური ხასიათის ქმედება, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქურდობა – რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 8 წელი მიუსაჯა
ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებულს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ძარცვისთვის ბრალდებული შ.ღ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს ქ. რუსთავში, „კულტურისა და დასვენების პარკში“ ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა შ.ღ.-მ ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ლ.ტ.-სთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა შ.ღ. 2019 წლის 12 სექტემბერს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ძალადობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ შ.ღ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.