მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ათის დაინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება, ერთის წყაროს დადგენა კი მიმდინარეობს
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ათის დაინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება, ერთის წყაროს დადგენა კი მიმდინარეობს.
ეზუგბაიამ კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“გუშინ დილას 593 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 11 და დღეს დილისთვის 604 დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11 პაციენტიდან 10 ბოლნისის წყაროდანაა, ერთის წყაროს მოძიება გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავს 240 პაციენტი. ამ მონაცემების შეჯამებით, კოვიდის მიმღებ ცენტრებში დღეს 355 პაციენტი მკურნალობს.
ჩვენს ცენტრში 57 პაციენტი წევს, აქედან 54 დადასტურებული შემთხვევაა. სამი არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა დღეს დილას დამთავრდება და გავარკვევთ, გამოჯანმრთელებულები არიან თუ – დადასტურებულები. ახალი შემთხვევა არ შემოგვმატებია. კრიტიკული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება – შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევის დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით, ჯერჯერობით, კვლავ კრიტიკულია და მართვასა და დასტაბილურებას არ ემორჩილება. დანარჩენი 7 მძიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით – მათი მდგომარეობა სტაბილურია, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება გვეუბნება, რომ უკვე მძიმე ფორმებიდან, ალბათ, საშუალო სიმძიმის ფორმებში გადავლენ.
ჩვენთან, დღევანდელი დღის ჩათვლით, 130-მა პაციენტმა იმკურნალა, აქედან 72 გამოჯანმრთელებული გვყავს. ნომერ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.