ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი: იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი
“იმედი გვაქვს, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი”, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
უფლებადამცველის შეფასებით, პასუხისმგებლობაში მიცემული პირების მიმართ ამომწურავი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მათ ბრალეულობას ადასტურებს.
“იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლობაში არიან მიცემული არსებობს სრული და ამომწურავი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც მათ ბრალეულობას ადასტურებს და იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება კანონის მთელი სიმკაცრით გამამტყუნებელი განაჩენი.
მთავარი მოწმე, თავად ცოტნე გამსახურდია ვერ თანამშრომლობს გამოძიებასთან. გარდა ამისა, მე როგორც ადვოკატი და მათ შორის ოჯახიც ვუშვებთ, რომ შესაძლოა, იყოს გარემოებები, რომლებიც არ არის გამოვლენილი და დამატებით დაზუსტებას საჭიროებდეს”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას, თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.