ლევან გოფოძე: კორონავირუსით დაინფიცირებული რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც “პლაქვენილი“ გამოვიყენეთ, კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა
“კორონავირუსით დაინფიცირებული რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც „პლაქვენილი“ გამოვიყენეთ, კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი იმ პაციენტებთან გამოიყენება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებთან “პლაქვენილს” არ ვიყენებთ, მას ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებთანაც შედარებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს – დადასტურებული ორმხრივი პნევმონია დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით და ა.შ. განსაკუთრებულ პაციენტებში ვიყენებთ “პლაქვენილს” იმ სქემის მიხედვით, რომელიც საქართველოშია რეკომენდებული. რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოვიყენეთ, უკვე გამოჯანმრთელებული გაეწერა. ჩვენთან გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. მოგეხსენებათ, ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები, მათ შორის, „პლაქვენილსაც“. ამ „პლაქვენილზე“ დიდი ამბავია ატეხილი მთელს მსოფლიოში, მაგრამ, როგორც ბატონმა თენგიზ ცერცვაძემაც არაერთხელ განაცხადა, FDA-ს არ ამოუღია იგი მკურნალობის სქემიდან. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ავსტრიამ, შვეიცარიამ დაიწყო ამ მედიკამენტის კვლევა, როგორც საპროფილაქტიკო და პრევენციული მედიკამენტის გამოყენების თვალსაზრისით. ხელაღებით მასზე უარის თქმა, ან ყველას შემთხვევაში გამოყენება სწორი არ იქნება. მსუბუქი და ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ დამატებით მედიკამენტურ ჩარევას. უსიმპტომო პაციენტებთან არ გამოიყენება.
“რესპუბლიკური საავადმყოფო” მზად არის ყველანაირი გამოწვევისთვის, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ დაიწყება პაციენტების მატება. ჩვენ შეგვიძლია მძიმე პაციენტების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა მივიღოთ, მაგრამ აქვე დავძენ, რომ იმედი მაქვს მეც და სრულიად საქართველოსაც, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება. იმედია, რომ მძიმე პაციენტების ასეთი რაოდენობა, რაც სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდა, საქართველოში არ იქნება”, – განაცხადა გოფოძემ.