EBRD: 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) საქართველოს 75 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფენ. (65 მლნ – EBRD, 10 მლნ – GCF).

სესხი თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს.

„თბილისის მოქალაქეები 75 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო სესხით ისარგებლებენ. აქედან 65 მილიონს EBRD უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდიდან (GCF) გამოიყოფა. სესხი დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების, მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა EBRD-ის მხრიდან კოროვირუსის პანდემიაზე რეაგირების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, ბანკისთვის კვლავ პრიორიტეტულია მწვანე და მდგრადი საინვესტიციო გადაწყვეტილებები“, – აცხადებს EBRD.

საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა ქვესესხის სახით გადაეცემა ქალაქ თბილისს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სასარგებლოდ და მოხმარდება 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენას და დეპოსა და გვირაბის რეაბილიტაციას.

ინვესტიცია EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის (EBRD Green Cities) ნაწილია და თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმით (GCAP) გათვალისწინებული შემდგომი ინვესტიციაა. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს საკითხებს, რომლებზეც დაუყოვნებლივ რეაგირებაა საჭირო და, რომლებიც მიმართულია ქალაქის ძირითადი ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, რომელთაგან ერთ-ერთი ჰაერის ხარისხია. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც GCF/მწვანე ქალაქების პროგრამის მიერ დაფინანსდება.

„მეტროს რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობა გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და მგზავრებს კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფს. თბილისში თითქმის 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია. განახლებული მეტრო ხელს შეუწყობს კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასვლას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების საგრძნობ შემცირებას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

პროექტის მიზანია, ასევე, გენდერული თანასწორობისა და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ეს გულისხმობს დასაქმების ადგილზე შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფას, საქალაქო ტრანსპორტის სექტორში დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით.

EBRD–მა დაიწყო სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც კორონავირუსზე რეაგირების პაკეტის ნაწილია და მისი მიზანია უზრუნველყოს ძირითადი ინფრასტრუქტურული მარაგებისა და სერვისების ფუნქციონირება და განვითარება. ბანკი აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული ინვესტიციები უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ეკონომიკისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნებისათვის.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ქვეყანას აქტიურ ფინანსურ დახმარებას უწევს COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი ამჯერად მოხმარდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს – მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს რეაბილიტაციას, ასევე ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონების შეძენას, რაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ, მსურს, მადლობა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას და მის რეგიონულ ოფისს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს, მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის. COVID-19-ის პანდემიის პირობებში გამოყოფილ ამ მხარდაჭერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში. ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები