სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
“სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია ჩაერთო.
პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი – კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს – m2, შპს „ბლოქსი“, „კინგს გარდენი“, „თურმანიძე პლუსი“, „გადამზიდი“ და „სოლუშენ გრუპი“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„დახმარებების მიმართულებით აქტიურობა გრძელდება. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო შპს „გადამზიდს“, „თურმანიძე პლუსს“, „ბლოქსის“, „კინგს გარდენისა“ და „სოლუშენ გრუპის“ წარმომადგენლებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა კომპანია m2-ს, რადგან ისინი აღნიშნულ კამპანიაში უკვე მეორედ მონაწილეობენ. მადლობა ყველა ბიზნესკომპანიასა და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში არიან ჩართული, თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 15 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ.
მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.
ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.