თელავში აგრარული ბაზარი გაიხსნა
თელავში, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, აგრარული ბაზარი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, სავაჭრო ობიექტზე დაცულია ყველა ის მოთხოვნა, რაც რეგულაციებით არის განსაზღვრული.
,,გუშინ, საღამოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევამოწმეთ თელავის აგრარული ბაზარი. ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობდა, ამ ეტაპზე, შესრულებულია. გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღეთ და დღეს, დილის ცხრა საათიდან გაიხსნა ბაზარი”, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.
მერის განმარტებით, აგრარულ ბაზარში შესვლის შესაძლებლობა მოქალაქეებს თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ აქვთ. ასევე, მერიის ზედამხედველობისა და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებენ.
“დაწესებულია მკაცრი რეგულაციები, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავება, რიგის რეგულაცია, აუცილებელია პირბადით გადაადგილება. ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ”, – განმარტა ნარეკლიშვილმა.
შეგახსენებთ, თელავის აგრარული ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, წესების დარღვევის გამო, 3 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტი იმავე დღის ბოლოს დაიკეტა.